რა საოცარი სიმშვიდეა?!
მახსოვს, პირველად შატო ვარციხეს რომ ვესტუმრე უკვე საღამო იყო – გაზაფხულის სასიამოვნო სუსხი, ირგვლივ ჟუჟუნა წვიმით გაჟღენთილი ნიადაგის სურნელი, მოშორებით ჟრიამულის ხმა, მომღიმარი მასპინძლები. ძალიან მალე მეც იმ ჟრიამულის ნაწილი გავხდი, ბუხრის გარშემო რომ იყო გამართული. შატოს უგემრიელესი წითელი ღვინო, ახალი ადამიანები და შეგრძნება – რა მაგარია, რომ ეს ადგილი ბევრად საოცარია, ვიდრე წარმომედგინა. ახალი დღე კი ჯერ კიდევ წინ იყო.
გამორიცხულია არ შეგიყვარდეს ადგილი, სადაც მთელი გულით მუშაობენ, სიყვარულით საუბრობენ, ქმნიან და გრძნობ როგორ ამაყობენ ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნით.
შატო ვარციხე იმერეთში, კონკრეტულად კი ბაღდათის რაიონში, 80 ჰექტარზეა განთავსებული და აერთიანებს მევენახეობას, მარანს, სასტუმროს, რესტორანს, ღია და დახურულ აუზს, იპოდრომს.
სულ რამდენიმე კვირის წინ კი, ამ ყველაფერს კიდევ ერთი საოცარი სივრცე – შატოს თეატრი დაემატა, რომელიც საავტორო ღონისძიებებისა და დიდი წვეულებებისთვისაა განკუთვნილი.



როგორც თავად დავით ცერცვაძე, შატო ვარციხის დამფუძნებელი ამბობს, ამ ყველაფრის შექმნის იდეას რეგიონის სიყვარული და მის განვითარებაზე ფიქრი უდევს საფუძვლად, რაც პირველ ეტაპზე რეალიზდა სანერგე მეურნეობის შექმნით.
სწორედ მეურნეობისთვის შესაფერისი მიწის ძიებისას აღმოაჩინა ეს ადგილი გორაკით და გაჩნდა იდეა, რომ მევენახეობა-მეღვინეობასთან ერთად რეგიონში მრავალფეროვანი რეზორტი შექმნილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო საკმაოდ დიდ რისკებთან, რადგან მაშინ ავტობანი არ არსებობდა, იდეის განხორციელებაზე მუშაობა მაინც აქტიურად დაიწყო.
ახლა კი შატო ვარციხეს თუ ესტუმრებით, ბევრი საინტერესო აქტივობით შეგიძლიათ შეიქციოთ თავი:
– საუნდ თერაპიები შუაგულ ტყეში
– საცხენოსნო ტური აჯამეთის ნაკრძალში
– ვესპათი გასეირნება
– ტყის სახლებში დროის სასიამოვნოდ გატარება
შატო ვარციხეს გუნდი რეგიონის განვითარებაზე მუშაობას რამდენიმე წლიანი კონკრეტული გეგმით აგრძელებს, რაც გულისხმობს ახალი სასტუმროს მშენებლობას პადელის მოედნებით, დამატებითი აუზებით, ბულანჟერიებით, ბარითა და რესტორნით.
ჩემთვის ძალიან საინტერესო და პატივსაცემია შატოს საგანმანათლებლო ფონდი: კომპანია წელიწადში 5 თანამშრომელს უფინანსებს სასწავლო პროგრამებს, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.





