ყველა სეზონის ღვინო – ქართული ბუნებრივი ღვინო, რომელიც ბუნების სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით შეიქმნა.
ყველა სეზონის ღვინის ისტორია 2018 წლიდან, ლაგოდეხში, საოჯახო მარნის აშენებით იწყება.
გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახს მემკვიდრეობით არ ხვდა ღვინის დაყენების წესები, საქმეში თავიდანვე გამოცდილი და პროფესიონალი მეღვინეების ჩართულობა გადაწყვიტეს, რადგან პირველივე ნაბიჯიდან ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმოება იყო მათი მიზანი.
სადებიუტო ღვინო „ქვევრის ღვინის“ კონკურსზე წარადგინეს, სადაც ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს სერთიფიკატები საუკეთესო ქვევრის ღვინის კატეგორიაში მათი დამსახურებული ჯილდო აღმოჩნდა. სწორედ ეს წარმატება იქცა უდიდეს მოტივაციად, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგიით გაეგრძელებინათ საქმე, რომელიც ამასობაში საყვარელ საქმიანობადაც იქცა. პარალელურად ოჯახმა დარგის საფუძვლიანი შესწავლაც დაიწყო, სხვადასხვა სასწავლო კურსებისა და სემინარების დახმარებით.




ამასობაში, წლების განმავლობაში კასრებში დავარგებული ღვინის ჩამოსხმისა და გაზიარების სურვილიც გაჩნდა. ყველა სეზონის ღვინო დღეს ხიხვს, ქისს, მწვანესა და რქაწითელს სთავაზობს მომხმარებელს და ძალიან მალე საწარმოშიც უმასპინძლებს ღვინის მოყვარულ ადამიანებს მრავალფეროვანი ღვინის ტურებზე.
როგორც ვთქვით, საოჯახო მეღვინეობამ ფართო ასპარეზზე გასვლა გადაწყვიტა, ღვინოც ცხადია თავის იდენტობას ითხოვდა – ასე გაჩნდა All season wine – ყველა სეზონის ღვინო, რომელიც საკუთარ სახელს ნამდვილად ამართლებს და ყველა სეზონს არაჩვეულებრივად ერწყმის თითოეული მათგანი.
როგორც სახელზე, ისე ვიზუალურ იდენტობაზე ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, თაკო იდუკაშვილმა იმუშავა, რომლისთვისაც ეს პროექტი ძალიან ძვირფასია. „მთავარი ინსპირაცია ბუნება და მის მიმართ მადლიერების გრძნობა იყო იმ ყველაფრისთვის, რასაც ყველა სეზონისგან ვიღებთ ადამიანები.“
თითოეული ჩვენგანი, ჩვენივე ამბებითა და ისტორიებით, ბუნების ნაწილი ვართ, ღვინო კი, თავისი გასაოცარი გემოვნური თვისებებით გვეხმარება მჭიდრო კავშირი შევქმნათ სამყაროსთან, ნაცნობ-მეგობრებთან, ახლად აღმოჩენილ შეგრძნებებთან და საკუთარ თავთან.
სამომავლო გეგმებიც საკმაოდ მკაფიოა – საკუთარი ვენახის გაშენება იშვიათი ვაზის ჯიშებით. რაც შეეხება წარმოების პროცესს – კვლავ ბუნებრივი ღვინის დაყენების ტექნოლოგიით განაგრძობს საოჯახო მეღვინეობა ყველა სეზონის ღვინის წარმოებას და ძალიან მალე მის შეძენასა და დაგემოვნებას, არა მხოლოდ მარანში, არამედ ღვინის მაღაზიებსა და ღვინის ბარებშიც შეძლებთ.







